126 ხმა არც ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომლითაც გენერალური პროკურორის 90 ხმით არჩევის წესია გათვალისწინებული.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატებმა იმის მიუხედავად, რომ განხილვაზე განაცხადეს, რომ კანონპროექტი „სამართლებრივი სიმახინჯეა“. მათ განმარტეს, რომ კანონპროექტს მხარი ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად დაუჭირეს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, გახარიას პარტიამ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“.
მათი არგუმენტით, კანონპროექტით შემოთავაზებული წესი არსებულზე უკეთესია, რადგან გენერალური პროკურორის საპარლამენტო პარტიების კონსესუსით არჩევა მას მაღალ ლეგიტიმაციას მიანიჭებს, ერთი პარტიის მხარდაჭერით არჩეული პროკურორის მიმართ კი ნდობა დაბალი იქნება. მათივე თქმით, საკითხი „მიშელის დოკუმენტში“ და ევროკომისიის რეკომენდაცებშია გათვალისწინებული.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „მოქალაქეებმა“, ხათუნა სამნიძემ, „ევროპელმა სოციალისტებმა“.
კანონპროექტის მოწინააღმდგეებმა განაცხადეს, რომ მისი მიზანი ფასადური ცვლილებებია, რადგან პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით, კონსესუსის საფუძველზე არჩევის ნაცვლად, მივიღებთ უბრალო უმრავლესობით, 1 წლის ვადით არჩეულ პროკურორს, რომლებიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტის და საზოგადოების წინაშე.
კანონპროექტის განხილვის დროს ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად რატომ არ განიხილება საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხიც, რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ამ საკითხს 2024 წელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაცია შემცირდება.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
საკონსტიტუციო კანონის პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა).
თუ პარლამენტი 90 ხმით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (75 ხმა)
მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.
მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.
კანონპროექტის წარმდგენმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი სამართლებრივ და მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა ის გათვალისწინებულია ევროკომისიის 12 პუნქტში.
კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა ამ „გაუმართავ კანონპროექტს“ მხარს დაუჭერს, რადგან 12 პუნქტის შესრულება ხელისუფლების პრიორიტეტია.
„უპრეცედენტოა ეს კანონპროექტი. კვალიფიციური უმრავლესობის დადგენა თანამდებობის პირების არჩევისთვის ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის არსად ხდება, გამონაკლისია უნგრეთი. სხვა არცერთ ქვეყანაში არ დგინდება ასეთი წესი. ალოგიკურია. როდესაც კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევა კონკრეტული თანამდებობის პირი, ასეთ დროს უმცირესობას შეუძლია მარტივად დაბლოკოს თანამდებობის პირის არჩევა და ძალაში დატოვოს ძველი ოფისი. ის, რომ პროკურორი აირჩევა უმრავლესობით და 1 წლის ვადით, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი“, – განაცხადა კობახიძემ.