თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის სამსახურებსა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს იმ კომპანიის მიერ გაცემული ყველა ექსპერტიზის დასკვნის შემოწმება დაავალა, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე მოამზადა დასკვნა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა, დავავალო მერიის ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავა. საქმეში ფიგურირებს შპს „მშენექსპერტიც“, რომელმაც შსს-ს მტკიცებით, ყალბი დასკვნა მოამზადა შადრევანზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გრინსერვის+ – ის“ თანამშრომელმა – დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
„2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს“, – აცხადებს შსს.