„კამიკაძე დრონების“ ირანელი ექსპერტები ყირიმში იმყოფებიან - აშშ

პუბლიკა

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ირანული დრონების სამხედრო ექსპერტები ჩაიყვანა. ისინი რუსებს ირანული „კამიკაძე დრონების“ მართვას ასწავლიან. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უკრაინის ცნობით, რუსეთმა კიევსა უკრაინის სხვა ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კვირის დასაწყისში ირანული დრონებით დაარტყა.

უკრაინაში ირანული დრონებით აფეთქებებს მოჰყვა სანქციები. დიდმა ბრიტანეთმა სანქცია დაუწესა ირანულ ბიზნესებსა და იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „კამიკაძე დრონების“ რუსეთისთვის მიწოდებაზე.

„თეირანი ახლა უშუალოდ ჩართულია ოპერაციებში ადგილზე, ასევე იარაღს აწოდებს რუსეთს, რომელიც გავლენას ახდენს უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები „გამოიყენებს ყველა საშუალებას“ „გამოააშკარაოს, შეაკავოს და დაუპირისპირდეს ირანის მიერ ამ საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 2022 წლის 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში ოთხი აფეთქება მოხდა, რომელიც რუსებმა ირანული „კამიკაძე დრონებით“ განახორციელეს.

როგორც CNN წერს, ირანმა უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.