ევროკავშირი საქართველო-უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში რუსულ პასპორტებს აღარ აღიარებს - ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

პუბლიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს.

ევროპარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილებას მხარი 540-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა, 36-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის განცხადებით, ამ საკითხზე ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის მოლაპარაკებები გაიმართება და გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.


12 ოქტომბერს ცნობილი გახდა ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მიიღებენ პირებს, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები აქვთ.

ევროკავშირი აცხადებდა, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის წინდაუხედავ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემაზე; რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.