„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმისთვის დაკავებულს 1 წლით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი, დავით ველიჯანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ფორმულას“ ცნობით, სასამართლომ ველიჯანაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო 118-ე მუხლი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გადაკვალიფიცირდა 122-ე მუხლად, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ველიჯანაშვილი 18 მარტს დააკავეს.

2022 წლის 17 მარტს თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

ტელევიზიის განცხადებით, „ფორმულას” რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, რომ ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას” თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

„სტუმრის აგრესია იმ ფაქტის გაგებას მოჰყვა, რომ ჟურნალისტი „ფორმულაში” მუშაობდა. ნაცემია „ფორმულას” 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც“, – აცხადებს ტელეკომპანია.