სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს – საძაგლიშვილი

პუბლიკა

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორის უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის თქმით,  ნიკა გვარამიას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორების რეპლიკა აგებული იყო მხოლოდ სამაუწყებლო ბადის განმარტებებსა და ხელშეკრულების სახეებზე.

საძაგლიშვილი წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ერთადერთი რაშიც ეჭვი არ ეპარება ისაა, რომ სასამართლოს პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

„პროკურორების რეპლიკა აგებული უნდა ყოფილიყო იმაზე, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ნიკა გვარამიამ, თუ რით მტკიცდება ეს დანაშაული და ამის სანაცვლოდ მოვისმინეთ, სამაუწყებლო ბადის განმარტებები სიტყვა-სიტყვით ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების სახეები.

გულწრფელად რომ ვთქვა, არაერთხელ გამჩენია განცდა ამ პროცესის მიმდინარეობისას, რომ არ ვიმყოფები სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე, არ ვიმყოფები საერთოდ სასამართლოში და ვმსჯელობთ რაღაც სხვა ოთახში, ჰიპოთეზურ მოსაზრებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა არა თუ ვერ ასაბუთებს იმ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებს არამედ, ამ ფაქტების დადგენის შემთხვევაშიც კი არ წარმოადგენს ეს ქმედებები ამ დანაშაულს და საერთოდ არ წარმოადგენს პროკურატურის კომპეტენციას, აი ამ საკითხებზე საუბარს და დღევანდელმა სასამართლო სხდომამ ეს ცალსახად დაადასტურა….

რაც შეეხება მოლოდინებს არ ვიცი, რა ვადაში მოხდება ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, როდის ჩათვლის საჭიროდ კოლეგია და როდის მივლენ გადაწყვეტილებამდე. ერთი, რაც შეეხება თავად გადაწყვეტილების შინაარსს,აქაც თავს შევიკავებ პროგნოზების გაკეთებისგან, ერთი რაშიც ეჭვი არ გვეპარება და არც აქამდე გვეპარებოდა არის ის, რომ სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში გადაწყვეტილების მიღება”,- განაცხადა „მთავარის“ ცნობით საძაგლიშვილმა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „რუსთავი 2-ის” საქმეზე გვარამიას საბოლოო სიტყვა მოისმინა.