სარჯველაძემ აბაშიძეს „ოცნებაზე“ კრიტიკული განცხადებები შეახსენა

პუბლიკა

დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ომბუდსმენობის კანდიდატ ანა აბაშიძეს რამდენიმე საკითხის გარშემო დაუსვა შეკითხვა. მაგალითად, ჰკითხა რამდენად კარგად იცნობს პენიტენციურ სამსახურს და რა სახის პრობლემებს ხედავს პენიტენციურ სამსახურში. აბაშიძესთან დასმული კითხვის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვასა და სიძულვილს ენის გამოყენებას ეხებოდა.

სარჯველაძის თქმით, მიუკერძოებლობა სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ წამოყენებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

„მიუკერძოებლობა რას ნიშნავს? მიუკერძოებლობა ნიშნავს, რომ შენ ადამიანის უფლებებზე მუშაობის დროს, რა კითხვაც არ უნდა იდგეს შენს წინაშე, იმოქმედო ნეიტრალური არბიტრის პოზიციიდან. დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულია, მაგრამ აუცილებელი“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

  • სარჯველაძე: როგორ უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და კრიტიკულობა ერთმანეთთან თავსებადი იყოს?

  • აბაშიძე: რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ აქ არ არის გაწერილი წესები. თუ ჩემი საქმიანობის კრიტიკა, ობიექტური დამკვირვებლის მხრიდან, აღქმული იქნება მიკერძოებულად, ეს იქნება ნიშანი, რომ პრობლემა მაქვს. აქ ხაზგასმაა საჭირო იმაზე თუ ვინ აფასებს ამას.

  • სარჯველაძე: თუ ხედავთ სხვაობას კრიტიკულობასა და მიკერძოებას შორის?

  • აბაშიძე: რა თქმა უნდა, მიკერძოება პრობლემაა. კრიტიკა ჯანსაღი და სწორია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოს მართალი.

  • სარჯველაძე: თუ სწორი დასკვნა გავაკეთე, მიიჩნევთ, რომ პოლიტიკურად მიუკერძოებელი ხართ?

  • აბაშიძე: დიახ, მე ვარ.

  • სარჯველაძემ ანა აბაშიძეს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადება შეახსენა.

  • სარჯველაძე: არ შემიძლია, არ ვიკითხო. ამას წინათ გავრცელდა, ასეთი შინაარსის განცხადება – უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, სამი ძახილის ნიშანია, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. ეს არ არის მიკერძოებულობა? არ ეხმარებოდა ოპოზიციის საქმიანობას იმხანად?

  • აბაშიძე: თქვენ როგორ აღიქვით ვინ ვიყავი მე იმჟამად?

  • სარჯველაძე: ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?

  • აბაშიძე: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე ვადასტურებ, ეს ვთქვი და უფრო მკვახე რაღაცებიც მაქვს ნათქვამი. ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი სისტემური ადამიანის უფლებათა დარღვევა და კი, ეს იყო ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის.

  • სარჯველაძე: ახლა პოზიცია უცვლელია?

  • აბაშიძე: ეს შეკითხვა არარელევანტურია და რატომ? მე ახლა ვარ სახალხო დამცველობის კანდიდატი და ამიტომ ჩემი პასუხები იმ ხარისხით თავისუფალი ვერ იქნება, მე უკვე ვიბოჭავ თავს გარკვეულ შემთხვევებში. დიახ, ახლა როგორც სახალხო დამცველს ეს რომ მეთქვა სწორი არ იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ ანა აბაშიძეს 2021 წელს გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება შეახსენა. სარჯველაძის თქმით, აბაშიძემ „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს „ბიოდეგრადირებადი ნაგავი“ უწოდა.

  • სარჯველაძე: გაქვთ ასეთი გამონათქვამი რომ „ბიოდეგრადირებადი ნაგავი“ ხართო ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ამ ხალხს არ გაუჭირდებათ მოსვლა და ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მომართვა?

  • აბაშიძე: კონტექსტი მნიშვნელოვანია, ვის მივმართე.

  • სარჯველაძე: კამათში, მგონი იყო ასეთი შემთხვევა.

  • აბაშიძე: მოდი, დაშვება გავაკეთოთ, რომ მივმართე.., კიდევ ერთხელ ვამბობ მნიშვნელოვანია კონტექსტი.

  • სარჯველაძე: კი ბატონო, თუ ეს მართალია, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს თქვენი არჩევის შემთხვევაში გაუჭირდებათ, რომ მოგმართოთ?

  • აბაშიძე: ჩემი სამართლებრივი პროცესების გამო ათასობით ადამიანმა წააგო საქმე. მათ მოუწევთ ჩემთან მოსვლა. როგორ ფიქრობთ, გაუჭირდებათ მოსვლა? გამოდის, რომ მაშინ, ასე დგას საკითხი, თუ ადამიანი ოდესმე სახელმწიფო თანამდებობაზე იფიქრებს, თვითცენზურა უნდა დაიწესოს, რაც მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში. ჩემი კრიტიკის გამო კონკრეტული ადამიანები მენდობიან თუ არა, როგორც სახალხო დამცველს ეს ჩემი პრობლემა კი არა, ეს იმ ადამიანების პრობლემა შეიძლება იყოს, რომლებმაც დაუშვებლად მიიჩნიეს ჩემი გამოხატვის თავისუფლება. ყველა იმ ადამიანს ადამიანს, რომელმაც ძალიან გამლანძღა, იდეალურად მოვემსახურები და ამის პრეტენზია პროფესიულად მაქვს და მექნება ყოველთვის.

ანა აბაშიძის მოსმენის დასრულებისას მიხეილ სარჯველაძემ ანა აბაშიძეს უთხრა, რომ მისთვის სამწუხაროა იმის გაგება, რომ მას მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მიმართ. „სამწუხაროდ, გაკეთებული გაქვთ ეს განცხადება. სამწუხაროდ, ორი მიზეზის გამო, ერთი – რომ ჩემთვის ეს სასიამოვნო არ არის და მეორე – თქვენ მანამდე რა პრინციპებზე ისაუბრეთ, იმასთან ეს თავსებადი არაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.