პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საქართველოში რუსული ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.
„უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას.
უკრაინას ვუსურვებ გამძლეობასა და გამარჯვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთში ბევრისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, რადგან მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილი რუსული აგრესია.
„ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას.
რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ასევე პაპუაშვილის თქმით, საქართველომ თავისი გამოცდილებიდან დაინახა, რომ აუცილებელია სამი რამ მომავალში აგრესიის შესაჩერებლად:
აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის;
საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე;
დაბოლოს, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა.