„ვერ პასუხობს გამოწვევებს“ - TI-ის წარმომადგენელი ანტიკორუფციულ კანონპროექტზე

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერის, სანდრო ქევხიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში კორუფციის მხრივ არის და ვერ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციას, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის და ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანების ნაწილში.

სანდრო ქევხიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით ახალი ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, რაც დამოუკიდებლობის გარანტია არ არის. როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით პარლამენტში არსებობს კანონპროექტი დამოუკიდებელ ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, რომელიც შარშანწინ მომზადდა არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. ქევხიშვილის თქმით, კანონპროექტი ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.

„სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ კანონის განხილვა მომხდარიყო, რაც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს, წამოიჭრა ახალი იდეა, რომელიც საერთოდ სხვა ფუნქციებითაა დატვირთული“, – განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ვერანაირად ჩაითვლება, როგორც ძირეული რეფორმა.

26 ოქტომბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიას გააცნო,რას გაითვალისწინებს ანტიკორუფციული კანონპროექტი:

  1. შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
  2. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
  3. ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
  4. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშნას, შემოთავაზებულია შემდეგი წესი:

  • ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს!
  • ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფიული ბიუროს უფროსს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

ოხანაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს უკვე მიღებული იქნება.