ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სიძულვილის ენის გამღვივებელი - „სოლიდარობის თემი“ ერქვანიაზე

პუბლიკა

„სოლიდარობის თემისთვის“ მიუღებელია სახალხო დამცველად არჩეული იქნეს დისკრიმინაციული, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სიძულვილის ენის გამღვივებელი მოსაზრებებისა და პოზიციების მქონე კანდიდატი“,– ასე ეხმაურება „სოლიდარობის თემი“ გუშინ სახალხო დამცველობის კანდიდატ თინათინ ერქვანიასთან გასაუბრებას, რა დროსაც, მათი თქმით, თინათინ ერქვანიამ გააჟღერა შემაშფოთებელი მოსაზრებები და საჭიროებს მკაცრ რეაგირებას საზოგადოებისა და პარლამენტის დეპუტატების მხრიდან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი დეპუტატის მიერ ფემიციდთან დაკავშირებული კითხვის დასმისას ერქვანიას პასუხი იყო შემდეგი:

„უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო, მათ შორის, დასავლეთით აჭარისკენ. მაგრამ ძირითადი პრობლემები აქეთ არის როგორც ვაკვირდები. პრობლემურია ისევ პანკისის ხეობა და ის ნაწილი საქართველოსი, სადაც უფრო… რელიგიას არ ვაბრალებ ამ ყველაფერს, გამორიცხულია, უბრალოდ რაღაც მენტალობის პრობლემაა და ამ თვალსაზრისით, რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია“, – თქვა ერქვანიამ .

„სოლიდარობის თემის“ განცხადებით,  მათთვის შკარაა, რომ თინათინ ერქვანია ფემიციდსა და ქალებთან დაკავშირებულ პრობლემებს უყურებს ზედაპირულად.

„სახალხო დამცველის კანდიდატს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია ქალების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ აჭარაში, პანკისსა და სამხრეთ საქართველოს რეგიონებში. მოსალოდნელია, რომ მისი სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში ქალთა მიმართ არსებულ პრობლემებს შეხედოს ორიენტალიზმის ჩარჩოდან, რაც ცხადია არ შეესაბამება სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, – აცხადებს „სოლიდარობის თემი“.

„სოლიდარობის თემის“ განცხადების თანახმად, მიუღებელია ერქვანიას დამოკიდებულებები რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ერქვანიამ გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ „მიმდევრების რაოდენობის მიხედვით ზოგიერთ რელიგიურ ინსტიტუციას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი“.

„სოლიდარობის თემი“ აცხადებს, რომ ეს მოსაზრება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს.

„კიდევ უფრო დამაზიანებელია მისი შენიშვნა და პარალელები საქართველოს მუსლიმების მიმართ, როცა მათ დაკავშირებას ცდილობს მეზობელ სახელმწიფოებთან და ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ „საქართველოში უსაფრთხოების სისტემა ძალიან ძლიერი უნდა იყოს“.

ასევე ირიბად და უადგილოდ ასახელებს „პან-თურქისტულ“ მოძრაობებს აჭარასთან მიმართებით, რაც აღვივებს ქართველი მუსლიმების მიმართ სიძულვილის ენას და ქმნის მცდარ დისკრიმინაციულ წარმოდგენებს საზოგადოებაში“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპს და არა სახელმწიფოში არსებულ მანკიერ უსაფრთხოების მზერას, რის საფუძველზეც არაერთხელ დაირღვა ქართველი მუსლიმების უფლებები მოხეში, წინწყაროში, ჭელაში და სხვა კარგად ცნობილ მოვლენების დროს.

„ამიტომაც, ეს დამოკიდებულებები ცალსახად მიუთითებს ერქვანიას პრობლემურ შეხედულებებზე, რაც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის შეუსაბამოა“, – წერია განცხადებაში.

„სოლიდარობის თემი“ აცხადებს, რომ მიუღებელია სახალხო დამცველად არჩეული იქნეს დისკრიმინაციული, ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სიძულვილის ენის გამღვივებელი მოსაზრებებისა და პოზიციების მქონე კანდიდატი.