უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. – ამის შესახებ BBC წერს.
სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, დღეს კიევში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა და ახლა მისი რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმა მოხდა ენერგოობიექტებზე, რომლებიც ენერგიით უზრუნველყოფდა 350 000 ბინას დედაქალაქში. მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ ელექტრომომარაგების აღდგენაზე.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დილიდან განგაშია გამოცხადებული.
BBC წერს, რომ საჰაერო იერიში რუსეთმა მას შემდეგ მიიტანა, რაც უკრაინა ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. მათი ცნობით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზია სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში აფეთქება 29 ოქტომბერს მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით განხორციელდა.