თსუ-მა კორონავირუსთან დაკავშირებით სწავლის დაწყება გადადო

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო.

„ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება“, – ნათქვამია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

სწავლის დაწყება გადადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის 16 მარტს დაწყების თაობაზე“, – წერია სამედიცინო უნოვერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა თბილისის ბაგა-ბაღებშიც.