NGO-ების განცხადებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანიც ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.
„აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.
მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.
განცხადებას ხელს აწერს:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო