აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო - კობახიძე გვარამიას საქმეზე

პუბლიკა

„ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა“,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება.

„ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მათივე თქმით, გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.