პარლამენტში უმრავლესობაში და ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო წევრებს კომისიებსა და საბჭოებში ცალკე კვოტები ექნებათ.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 86 ხმით მიიღო.
ცვლილების მიღებამდე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული იყო, რომ კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ეს წესი იმას ნიშნავს, რომ კვოტა უმრავლესობაში და უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის საერთოა.
განხორციელებული ცვლილებებით კი, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრა.
იმავე პრინციპით დაკომპლექტდება პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო.
ამავე ცვლილებით, შესაძლებელი იქნება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები განისაზღვროს.
„დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის.
შექმნილი გამოწვევის გათვალისწინებით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად კვოტები იცვლება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცვლილებების ინიციატორი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იყვნენ.