ჯანეზაშვილი პარლამენეტში გასაუბრებაზე არ მივა, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის

პუბლიკა

ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გასუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება რეალურად, გასაუბრების საფუძველზე კანდიდატის შერჩევას, არამედ, ფიქრობს, რომ „ეს არის, უბრალოდ, ერთგვარი შოუ“, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ სურს.

„თავდაპირველად ჩემი ინტერესი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიმეღო განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი , 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც აერჩია, კომპრომისის შედეგად, პრინციპული და მიუკერძოებელი კანდიდატი, თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი ისახავენ მიზნად შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისათვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვლიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყნას ჰყავდეს ღირსეული კანდიდატი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონით, რეგლამენტითა და პროცედურებით რომელიც დააწესა პარლამენტმა, არ არის სავალდებული გასაუბრებაზე გასვლა:

„ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას, არ ვაპირებ გასაუბრებაზე გასვლას, სადაც ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგმება და ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებთ.“


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 15 კანდიდატს. ამ წუთებში ადვოკატ გიორგი ცობეხიას უსმენენ, შემდეგ კი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსმენაა დაგეგმილი. დღეს უნდა მოესმინა პარლამენტს ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც.