ბაირამოვა კანდიდატს: რას ფიქრობთ, ომბუდსმენის აპარატში მაღალ თანამდებობაზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელიც იყოს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატ გიორგი ცობეხიას უსმენენ.

ომბუდსმენობის კანდიდატს სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ დაუსვა შეკითხვები. სამირა ბაირამოვამ კანდიდატს უთხრა, რომ კანდიდატისგან ქალების, არასრულწლოვანებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ უფრო კონკრეტულ გეგმას მოისმენდა, როგორ აპირებს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„სურვილი მქონდა, თქვენს გამოსვლაში უფრო მეტი გამეგო ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ, რა გამოწვევებია. ასევე, ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამაზე არ გისაუბრიათ.

მაინტერესებს, ქალთა უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რადგან ვიცით, რომ ბოლო წლებში, სამწუხაროდ, გაუარესდა მდგომარეობა. გამოძიების მხრივ, არის პრობლემა.  არასრულწლოვანების უფლებებზე – უფრო მეტად ნაადრევ ქორწინებაზე მინდა აქცენტი, არასრულწლოვანებისთვის დღეს ბევრი სერვისი არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგალითად, იურიდიული მომსახურების სერვისები და ა.შ. რას ფიქრობთ ამ მიმართულებით.

ასევე, თქვენ ახსენეთ, რომ სახალხო დამცველმა რეგიონებში აქტიურად უნდა იმუშაოს და რას ფიქრობთ თანამშრომლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, დაინტერესებული ხართ თუ არა სახალხო დამცველის აპარატში იყოს მაღალ პოზიციაზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, მე არ მახსოვს დღემდე ყოფილიყო მაღალ პოზიციაზე ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი,“, – მიმართა სამირა ბაირამოვამ ომბუდსმენობის კანდიდატს.

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ სამირა ბაირამოვას უპასუხა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, მართლაც, მძიმე სურათია ქვეყანაში, ამიტომ კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. როგორც ის ამბობს, მაგალითად გაამარტივებდა დამცავი ორდერის გამოცემის პროცედურას და მას სასამართლოს არ მიანდობდა.

„რაც შეეხბა ეთნიკური უმცირესობების აპარატში თანამდებობაზე დანიშვნას – რამე ნიშანი, რომ ადამიანებმა თანამდებობა დაიკავონ, არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლობა და მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს პირველ რიგში კომპეტენცია“, – თქვა გიორგი ცობეხიამ.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 16 კანდიდატს. დარჩა დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსმენაა. დღეს უნდა მოესმინა პარლამენტს ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც, თუმცა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს გასაუბრებაზე მისვლას.

განახლება: ომბუდსმენობის კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ გასაუბრების დასრულების შემდეგ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას ხსნის.