პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.
2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ამბობენ პროკურატურაში.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.