პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებომ მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს.

„1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

კომპლექსური გამოძიებით  დადგინდა, რომ ბრალდებულები – „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“, შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილსსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები, -” ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.