ზარქუა „გადახურულ“ ტყეზე: ესაა ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ტყის იჯარით მიღება და მისი „გადახურვა“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მორიგი ქველმოქმედებაა. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა.

„TV პირველის“ მიერ შაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის კომპანიას საჩხერის რაიონში 125 000 კვადრატული მეტრის ტყის ტერიტორია 49-წლიანი იჯარით გადაეცა. ამის შემდეგ ტყის ნაწილი შავი ბადით გადახურეს. როგორც ცნობილია, ტყის ამ ნაწილში სხვადასხვა სახეობის ფრინველები უნდა მოაშენონ.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ეს ტყე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ დაუკანონებია.

„არ დაუკანონებია არამედ 49-წლიანი იჯარით აიღეს და ეს არის მიღებული პრაქტიკა, სადაც ხდება ტყის მოვლა-პატრონობა. ეს არის მორიგი ქველმოქმედება, სადაც ხდება ჩვენი ფლორისა და ფაუნის გადარჩენა, ტყესთან ერთად. უნდა მოხდეს გადარჩენა მათ შორის იქ მობინადრე ფრინველებისა და ცხოველების, კერძოდ, ამ შემთხვევაში მიზანია კოლხური ხოხბის გადარჩენა, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, ამისთვისაა გაკეთებული ეს ბადეები”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.