კობახიძე: რამდენიმე პარტიას აქვს თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ინტერესშია, ჩავარდეს სახალხო დამცველის არჩევის პროცესი.

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი აქვს, რომ ასეთი კონსენსუსი მოხერხდება.

„ეს არ იქნება მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აშკარად აქვს თვითმიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ასეთ შემთხვევაში მათ სახალხო დამცველის აპარატში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები. დღეს ვიცით, რომ ნაცმოძრაობის ფავორიტებისგან შედგება სახალხო დამცველის ოფისი. შესაბამისად, მათ აქვთ ეს ინტერესი, რომ არ შეგვასრულებინონ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი და არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ეს ართულებს ბუნებრივია ვითარებას, მაგრამ ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ სახალხო დამცველის არჩევას”,- თქვა კობახიძემ.

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში გასული კვირის პარასკევს დასრულდა. სულ წარდგენილი იყო 19 კანდიდატი, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოუსმინეს 17 კანდიდატს. ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ გასაუბრების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურა მოხსნა ასევე  ნიკოლოზ ნიკოლაძემ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მქონე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ის გასაუბრებაზე არ მივიდოდა, თუმცა კანდიდატურა არ მოუხსნია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ გასაუბრების შემდეგ კომიტეტი კანდიდატების შესახებ შეფასების პროექტს მოამზადებდა. როგორც პარლამენტში ამბობენ, კომიტეტი მუშაობს პროექტზე და შემდეგ კენჭისყრისთვის მას წევრებს წარუდგენს.