„ქოლცენტრების“ საქმეზე 4 ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამოდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტორნული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ფარტომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთერთი ორგანიზატორი.“

უწყების ცნობით, გამოძიების მიერ ამ  ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე  ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას.

„აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.“

უწყების ცნობით, ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.