„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში, ამ მიზნით თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მიდის აქტიური მუშაობა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში.
„სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ მიზნით არის შექმნილი, თითოეულ რეკომენდაციაზე, ბატონო კომისარო, სამუშაო ჯგუფი და მიდის აქტიური მუშაობა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად მოკლე დროში. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გასაკეთებელია. მეც მინდა იგივე ოპტიმიზმით გიპასუხოთ, რაც ბატონმა კომისარმა გამოთქვა და გამოხატა. კიდევ ერთხელ, ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილისა და ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის საქართელოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართელოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.