საქართველოს მთავრობამ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა.
ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, თუ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვან მსხვერპლს – როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ასევე სრულწლოვანების მიღწევიდან სამი წლის განმავლობაში.
როგორც სააგენტოში ამბობენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესზე“ იმუშავა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ტექნიკური მხარდაჭერით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირება. კონვენციის 30-ე მუხლში მოყვანილი ვალდებულებები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში. სწორედ ამ ვალდებულებების გათვალისწინებით საქართელოს მთავრობას 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა დაემტკიცებინა მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი.