ნათელაშვილი უნგრეთის პარლამენტს მიმართავს, დაიწყონ გადაყენების პროცედურა ორბანის წინააღმდეგ

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი უნგრეთის პარლამენტს მიმართავს,  დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა პრემიერის, ორბანის წინააღმდეგ.

ნათელაშვილის განმარტებით, ორბანის საქმიანობა „სახელს უტეხს უნგრეთის იმიჯს და ემსახურება პუტინის ინტერესებს.“

„კრემლმა აამუშავა მაშველი რგოლები, რათა გადაარჩინოს პროპუტინისტი ოლიგარქი ივანიშვილი გარდაუვალ სანქცირებას. ამ საქმეში კი ჩართო თავისი ერთგული მეკავშირე, უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომლის მიერ დანიშნული ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გუშინ ჩამოვიდა ვიზიტით ივანიშვილის რეჟიმისთვის ქება-დიდების აღსავლენად, რითაც შეეცადა, გარკვეულწილად, დაამუხრუჭოს სანქცირების გარდაუვალი პროცესი.

ივანიშვილის სანქცირება უეჭველად დადგება და ვერანაირი კრემლისტური ლობი ამ პიროვნებას გარდაუვალი სასჯელისგან ვერ გადაარჩენს. უდიდეს პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს, ქართველი და უნგრელი ხალხის მეგობრობა ხანგძლივია და ოქროს ფურცლებითაა შევსებული, მაგრამ იმ პროცესის მოთმენა, რასაც ვხედავთ მათი პრემიერისგან, დაუშვებელია და ჩვენ აუცილებლად აღვკვეთავთ ლობისტობას, საქართველოს დამანგრევლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს.

მივმართავთ უნგრეთის 199-დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ-მინისტრ ორბანის წინააღმდეგ, რადგან ამ პიროვნების საქმიანობა სახელს უტეხს უნგრეთის იმიჯს და ემსახურება პუტინის ინტერესებს, ასევე ემსახურება უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. ევროკომისარი შეხვდა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.