საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიმართ გაჩნდა, ვინაიდან ზიარება საერთო კოვზით ხდება, მიიღებდა თუ არა რამე ზომებს ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ: „მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს“.
გუშინ საკვირაო წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ზიარების ან მსახურების წესის შეცვლა არ იგეგმება. უფრო მეტიც, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მრევლს ვირუსისგან თავის დასაცავად ნაკურთხი წყლის გამოყენება ურჩია.
მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ: „ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში, არის ანტისეპტიკი. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი.“
„პუბლიკა“ დაინტერესდა, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად შეცვალეს თუ არა მსახურების წესი ან რამე რეკომენდაცია თუ აქვთ თავიანთი მრევლისთვის საქართველოში მოქმედ სხვა კონფესიებს.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ზიარების წესში ცვლილებები შეიტანეს, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა უმთავრესია. მისივე თქმით, რეკომენდაციის შემთხვევაში მსახურებასაც შეაჩერებენ.
„ზიარება არის ყოველი კვირის მსახურებაზე და ყოველი საღამოს ლოცვის მსახურებაზე. ჩვენ გვაქვს ერთი თასით ზიარება და ასეთ დროს ეს იქნებოდა ყველაზე უპასუხისმგებლობა, რომ ასე დაგვეტოვებინა. წინა სამშაბათიდან მოყოლებული და გუშინდელი კვირის მსახურებაც განსხვავებული წესით ჩატარდა. მხოლოდ ღვთისმსახურს აქვს შესაძლებლობა, რომ დაბანილი ხელით ამოაწოს პური და მიაწოდოს თვითონ, ანუ ადამიანების ხელში აღარც თასი გადადის და აღარც პური. მსახურების შეჩერებაზეც ვფიქრობთ. ესეც ავუხსენით უკვე მრევლს. ჩვენ დავემორჩილებით რეკომენდაციებს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ, მართალია, ზიარების წესი არ აქვთ, მაგრამ პარასკევის ლოცვები ხალხმრავალი ადგილია, ამიტომ გააფრთხილეს მორწმუნეები, ნუ გადაეხვევიან ერთმანეთს.
„ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რომ არ მოეხვიონ, ხელიც არ ჩამოართვან ერთმანეთს. ჯანდაცვის რეკომენდაციებს სრულად ვითვალისწინებთ და ვუთხარით, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდონ მოხვევას“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
საქართველოს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძრის წინამძღოლი ზურაბ კაკაჩიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მსახურება ჩვეულებრივ ტარდება, თუმცა, რაკი მთავრობის რეკომენდაცია იყო მასშტაბური ღონისძიებებისგან თავის შეკავება, ეკლესიამ გაითვალისწინა და ხუთშაბათს დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება „საქართველოს კარიტასი“ გააუქმა.
____________
საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაწავლო პროცესი შეჩერდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, 2-დან 16 მარტამდე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ჰიგიენური წესების დაცვასთან ერთად მოქალაქეები მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
„ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა, გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად, ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობენ ცენტრში.