7-ჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?! - მანჯგალაძე პრემიერს

პუბლიკა

„მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალ“, – რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ, შვიდჯერ თუ რვაჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?!“ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით, ოპოზიციის სამ შეკითხვაზე საპასუხოდაა მისული.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა დაიკავა პაატა მანჯგალაძემ, რომელმაც პრემიერი და „ქართული ოცნება“ უკრაინის ომის დროს საჯაროდ გამოთქმული პოზიციების გამო გააკრიტიკა.

მანჯგალაძე დაინტერესდა, რა ფორმით აპირებს ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო.

რაც შეეხება ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხებს, ოპოზიციამ შემდეგი სამი შეკითხვა გაუგზავნა პრემიერს:

  • რა სამუშაოებია გაწეული საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?
  • საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემდეგ მმართველი პარტიის არა ერთი წარმომადგენელი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ, რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში, ამის გამო მოხდა ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რაც ასევე დაადასტურეს თავიანთ არა ერთ წერილში „ქართული ოცნებისგან“ გამიჯნულმა დეპუტატებმა. რადგანაც დღემდე არ მომხდარა მთავრობის მხრიდან ამ ტიპის განცხადებების უარყოფა, როგორია დღეს მთავრობის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხედავთ თუ არა ამ ტიპის განცხადებებში რუსული ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის და მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორის ნიშნებს?
  • უკრაინაში რუსულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგო რესურსებს იყენებს მისი სამხედრო, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის. შესაბამისად, რა გაკეთდა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკურად, სასურსათო და ენერგო უსაფრთხოების კუთხით ნაკლებ დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის ფედერაციაზე და ნაკლები ზემოქმედების ბერკეტები ჰქონოდა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოზე?