საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ეს სტატუსი არ მიეღო. მანვე ოპოზიცია საბოტაჟსა და შეთქმულებაში დაადანაშაულა და ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით კეზერაშვილსაც შეეხო.
„ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მსგავსად, კეზერაშვილის სახელი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, გამოძიებას ამ სქემაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს.
„როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა… წარმოიდგინეთ, ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მიზეზი პირდაპირ მიართვეს ლანგრით. სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებსა და ა.შ. იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო და გამოეყოთ ამ ჯგუფიდან. ქვეყანა, რომელიც 10 თავით უსწრებს გნებავთ უკრაინას და გნებავთ, მოლოდოვას. ამას რა ჰქვია, თუ არა ღალატი, ბატონო გიორგი [მიმართავს გიორგი ვაშაძეს] და საბოტაჟი თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ?!
როგორ ბედავთ თქვენ საერთოდ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი, დიქტატორული სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში.
ძარცვავდა [საქართველოს] ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი. ჯერ [ქართული] ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.
ამის შემდეგ თქვენ როგორ ბედავთ, როგორ აძლევთ თავს იმის უფლებას, რომ თქვენ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს იყო შეთქმულება, ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.