„მიუღებელია პირადად ჩემთვის. მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იმავე აშშ-ის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია. ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ“, – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებები აშშ-სა და მის ელჩთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისა და მისი პირადი ვალდებულებაა, მაქსიმალურად შეინარჩუნონ, განამტკიცონ და გააძლიერონ ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან.
„მე, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ და ყოველთვის მითქვამს ამის თაობაზე – ჩვენი ვალდებულება და ჩემი პირადი ვალდებულებაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან და არა მხოლოდ მათთან, რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა….
შეიძლება, განსხვავებები მქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად ასე ვთქვათ სხვა აზრები ჰქონდეს, ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ კი ბატონო, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მარგამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება,“ – აღნიშნა პრემიერმა.
დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.