მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება. 34 მლნ ლარამდე იხარჯება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.

მისი თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტი 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, დაახლოებით, 34 მლნ ლარი იხარჯება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სასახლის ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი.

„პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე,  პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული მინათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი. ამ დროისთვის, დასრულდა სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა ფართებისა და გარე ფასადის სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია ბ ბლოკის ფართებში სასწავლო სივრცეების მოწყობას სათანადო ავეჯითა და ტექნიკით უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს და 3 000-მდე ბენეფიციარი სწავლას განახლებულ ბ ბლოკში განაგრძობს.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, ხოლო პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.