მელია: 19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა - სწორედ ეს ვერ აპატიეს

პუბლიკა

„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მელიას თქმით, რევოლუციის შედეგად, „ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს“ და მიხეილ სააკაშვილის რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი.

„სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.

2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს. თუმცა გვახსოვდეს – რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი“, – განაცხადა მელიამ.

დღეს 18:00-ზე თბილისსა და ბათუმში აქციებია დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზატორების, „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“, ინფორმაციით, ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას და „რუსული რეჟიმის დასრულებას“ მოითხოვენ.