ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში.
წერილის ტექსტს მთავრობის ადმინისტრავცია ავრცელბს:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა ელისაბედ II დედოფლის გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს. მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.
მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, – აღნიშნულია წერილში.