„დამერწმუნეთ, ქუთაისი ფეხზე დადგება“ - წიქარიძე გელათის დასაცავად დაგეგმილ აქციაზე

პუბლიკა

„გელათის გადასარჩენად“ – ამ სახელწოდებით დღეს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ორგანიზებით, საღამოს 7 საათზე აქციაა დაგეგმილი.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის დამფუძნებელმა, არქეოლოგმა ნიკოლოზ წიქარიძემ დაგეგმილი აქციის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„არ არის ქალბატონი თეას ადგილი კულტურის სფეროში. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ჩამოშორდეს ამ სფეროს – თუ ასე არ მოხდება, მოგვიწევს დიდი აქციების გამართვა და დამერწმუნეთ, ქუთაისი ფეხზე დადგება!“ – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოვლენ დარგის სპეციალისტები და პროფკავშირის წარმომადგენლები. აქ არ იქნება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლები.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანი გავერთიანდეთ, ამ აქციაზე გამოვლენ მხოლოდ სპეციალისტები და პროფკავშირის წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტიის წევრებს ამ ეტაპზე არ მიეცემათ საშუალება, რომ გამოთქვან თავიანთი აზრი, თუმცა მათ აქვთ თავისი რესურსი და შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ გააგრძელონ… თუმცაღა ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვინ არის. უბრალოდ აქ გამომსვლელები იქნებიან სპეციალისტები და პროფესიული კავშირის წევრები, რადგან ორგანიზატორი ამ აქციის არის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი“, – განაცხადა წიქარიძემ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში ყველა მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტი.