„გელათის გადასარჩენად" - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირი აქციას მართავს – გელათის გადასარჩენად.

„გელათის სამონასტრო ანსამბლის ღირებულება და მნიშვნელობა ქართველი ერისთვის შეუფასებელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლი საქართველოს ძლიერების სიმბოლოა, რომელიც დავით აღმაშენებლის მმართველობის დროს აიგო, როგორც ქრისტიანული და ინტელექტუალური სავანე.

გელათი უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აყვავების ხანას, რომელსაც მიჰყავდა ინტელექტუალურ პრინციპებზე დამყარებული, პროგრესისა და განახლების იდეებით გამსჭვალული პოლიტიკური კურსი.

გელათის შენარჩუნება, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. დღეს, ეს მდიდარი ისტორიული წარსულისა და უმაღლესი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკიდურეს საფრთხეშია, რადგან კედლის მხატვრობის ნაწილს სამუდამო გაქრობა და ისტორიული ღირებულების დაკარგვა ემუქრება”. – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ თქმით, კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან უხეშად იქნა უკუგდებული ქართველი და უცხოელი მაღალი დონის სპეციელისტებისა და საქართველოს საპატრიარქოს არაერთგზის გაფრთხილება, რომ მათი (სამინისტროს) მხრიდან გადადგმული ნაბიჯები 2020-2021 წლებში გამოვლენილ უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

„საბოლოოდ, ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობა”. – ამბობენ პროფკავშირში.

მათი მოთხოვნებია:  გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს მინისტრი თეა წულუკიანი და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი; დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია; დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში ყველა მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტი.