ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოვაცხადოთ ტენდერი მათ შორის „რიყის დოქების“ და რაჭის ტყის 50%-ის გასაყიდად - ხიდაშელი

პუბლიკა

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წერს, რომ გადაწყვიტა, „განზე გადგეს“ და თავისი ქონების 50%-ზე, მათ შორის, რაჭის ტყესა და „რიყის დოქებზე“ ტენდერი გამოაცხადოს.

ბიზნესმენის განცხადებას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

„საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოვაცხადოთ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში …

ერთი დაველოდები მსურველებს რო ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!“, – წერს ის.

24 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემით საქართველომ ორ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა.

ბიზნესმენი ხიდაშელი „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რადგან მან მოიძია რუკა, რომლის შემდეგაც საქმეზე გამოძიება დაიწყო. ხიდაშელს კარგი ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან, ის სამთავრობო დელეგაციას საერთაშორისო ვიზიტებშიც დაჰყვებოდა.