„არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები“ | წულუკიანმა გელათის შესახებ ისაუბრა

პუბლიკა

„ისტორიას დარჩება, რომ მე ამას არ ვეთანხმები“, – ეს თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათზე შეჩერებული კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე. მან გელათის რეაბილიტაციის საკითხზე, ექსპერტების მოსაზრებებსა და საპატრიარქოს დაკვეთით მომზადებული დასკვნის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მრავლად გამოუჩნდა გელათს გულშემატკივრად „არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები”.

რატომ არის შეჩერებული გელათზე სარეაბილიტაციო სამუშაოები? – ამ კითხვაზე, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ ისინი იძულებული გახდნენ, შეეჩერებინათ ეს სამუშაოები.

„რამდენი ადამიანიც არის, იმდენი თეორიული მოსაზრებაა და ამ ქვეყანაში, პრაქტიკოსები არიან ძალიან ცოტა. გაჩერებული არის იმიტომ, რომ ძალიან იმძლავრა იმ ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც თვლის, რომ ის, რაც გაკეთდა 2021 წლის მარტიდან 2022 ზაფხულისა და სექტემბრის ჩათვლით, იწვევს კითხვის ნიშნებს მეთოდოლოგიის კუთხით და რომ სჯობს დაველოდოთ იუნესკოს მისიას ნოემბრის ბოლოს.

მე ღიად მინდა ვთქვა, რადგან თქვენი ეთერის ჩანაწერი ისტორია დარჩება – მე ამას არ ვეთანხმები, ეს არ იყო შესაჩერებელი. ჩვენ შევჩერდით სექტემბერში, ნოემბრის ბოლოს ჩამოვა „იუნესკოს“ მისია, მაგრამ ისინი უკვე გვატყობინებენ, რომ დასკვნას ვერ დადებენ იანვრის ბოლომდე. ეს ნიშნავს რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ.  ეს დაუშვებელი მგონია, მაგრამ იყო მოთხოვნა, რომ გავჩერებულიყავით და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ  გაგვეზიარებინა”, – ამბობს თეა წულუკიანი.

მან თქვა, რომ პირადად ეცნობოდა და უსმენდა ყველას პოზიციას გელათის რეაბილიტაციის შესახებ, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა აეღო. მისი თქმით, გაიზიარა „იუნესკოს“ ექსპერტების მოსაზრება და მიდგომა.

„ბევრი თეორეტიკოსი გამოჩნდა, რომლებმაც თქვა, რომ მოდი, დაველოდოთ, ვუყუროთ როდის გამოშრება და ამ ყურებაში არაერთი ფრაგმენტი ჩამოცვივდა და ჩვენ სამუდამოდ დავკარგეთ და მაშინ მივხვდი მე, რომ ამ ადამიანებს არ უნდა დავუჯერო, თუკი ვარ პასუხისმგებლიანი.

ყველაზე გადამწყვეტი იყო „იუნესკოს“ ექსპერტების მიდგომა, რომლებმაც თქვეს, რომ ან ამას უყურებთ და ამას კარგავს საქართველო, ან გადავდივართ, რეანიმაცია რასაც ჰქვია, იმ  ეტაპზე, ანუ რისი გადარჩენაც შეძლება გადავარჩინოთ. ამის მაგალითია, აი თქვენც აჩვენეთ მაცხოვრის სახე. მაშინ ჩვენ ექსპერტებმა გვითხრეს, რომ 6 თვე თუ არაფერი მოუვიდა [რესტავრირებულ მხატვრობას], მაშინ ეს გაუძლებს კიდევ დიდხანს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, ზუსტად ისე როგორც იყო”, – ამბობს თეა წულუკიანი.

რატომ არ არის საჯარო საპატრიარქოს მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტების დასკვნა? – ამ კითხვაზე კულტურის მინისტრი პასუხობს, რომ ეს სახელმწიფოს დასკვნა არაა და მას არ ეკუთვნის.

„ამ დასკვნის მესაკუთრე მე არ გახლავართ, სახელმწიფო არ არის ამის მესაკუთრე. ეს დასკვნა დაუკვეთა საქართველოს საპატრიარქომ, შესაბამისად, თუ საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ, გამოაქვეყნებს, მაგრამ უკვე გაჟონილია ეს დოკუმენტი.

რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ დასკვნას. საპატრიარქომ მოიწვია, მათვე დააფინანსეს, მათი სურვილი იყო გადაემოწმებინათ ის, რაც კეთდება. რეალურად ამ დასკვნაში არაფერი საგანგაშო არ არის, „იუნესკოს“ ექსპერტებმა თქვეს იგივე”, – ამბობს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, ნოემბრის ბოლოს ჩამოვლენ „იუნესკოს“ ექსპერტები. მათ ელოდებიან იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, როგორ გაგრძელდება სამუშაოები გელათზე.


„გელათის გადასარჩენად“ – გუშინ რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით აქცია გაიმართა. 

„გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს მინისტრი თეა წულუკიანი და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი; დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია; დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში ყველა მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტი, “- ეს მთავარი მოთხოვნები გაჟღერდა გუშინ აქციაზე.

რა წერია ამერიკელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

.