„კიევში ომია“ - მოქალაქეებმა თბილისის საახალწლო სლოგანი, „მშვიდობის ქალაქი“ გააპროტესტეს

პუბლიკა

მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე თბილისის ახალი საახალწლო სლოგანი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოედანზე 21:00 საათზე იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც თბილისის მერიამ უკვე დაამონტაჟა სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნატა ფერაძის თქმით, მერიამ საახალწლო განათებების ჩართვა 9 დეკემბერს დააანონსა და სწორედ ამ დრომდე აძლევენ ქალაქის ხელმძღვანელობას დროს, რომ სლოგანი შეცვალონ და ახალი სლოგანი მოქალაქეებთან შეთანხმებით შეიმუშავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატა ფერაძის თქმით, მოქალაქეები ისევ შეიკრიბებიან პროტესტის მიზნით და შეეცდებიან ხელი შეუშალონ მერიას, რომ ეს სლოგანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დარჩეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი დავით დვალი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ იმ დროს, როცა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და რუსეთი ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, ასეთი გზავნილი მათთვის მიუღებელია.

„ეს სლოგანი, რომელიც შემოგვთავაზა მერიამ ჩვენი აზრით არის სრულიად უადგილო და სრულიად მიუღებელი დღეს. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოძმე ერს, რომელიც თავგანწირვით იბრძვის ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.

მათ თვითონ არანაირად არ სურდათ ომი, ჩვენი საერთო მტერი დაესხათ თავს და ახლა ყოველ დღეს ბომბების ცვენაში, შიმშილობასა და უწყლოობაში ატარებენ და იბრძვიან. ამ დროს ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მშვიდობა გვაქვს, მგონია, რომ არის ძალიან დიდი უზნეობა“, – ამბობს დავით დვალი „პუბლიკასთან“.

დავით დვალის თქმით, თბილისის მერის პოზიცია, რომ ამ სლოგანს არ ჰქონია პოლიტიკური სარჩული, დამაჯერებელი არ არის, რადგან დღეს გაკეთებულ კომენტარშივე კახა კალაძემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და „მტრებსა“ და „მოქალაქეთა დაყოფაზე“ დაიწყო საუბარი.

„ჩვენ გვინდა, რომ დაყოფის ნაცვლად ისეთი სლოგანი იყოს, რომელიც მთელ ქალაქს და ქვეყანას გააერთიანებს. ეს ლოზუნგი არ აერთიანებს. ფაქტია, რაც არ უნდა ილაპარაკოს კალაძემ, რომ ეს არ ყოფილა ვიღაცისთვის ნიშნის მოგება, ძალიან ბევრმა ადამიანმა ასე მიიღო და ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს.

აქედან გამომდინარე გვაქვს წინადადება, რომ გამოცხადდეს გარკვეული ტიპის ხმის მიცემა, საჯარო, ჩვენც გვაქვს რაღაც სლოგანები, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაშიც იქნება და გაირკვეს, რა უნდა საზოგადოებას“, – ამბობს დავით დვალი.


29 ნოემბერს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ წინასაახალწლო სლოგანი „თბილისი მშვიდობის ქალაქი“ იქნება. შესაბამისი წარწერა უკვე დამონტაჟდა თავისუფლების მოედანზე.

სლოგანს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

საპასუხოდ დღეს კალაძემ განაცხადა, რომ თბილისელებისთვის მთავარი სიკეთე, რაც მათ 2022-მა წელმა მოუტანა, მშვიდობა იყო და ამ სლოგანს პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. თუმცა კალაძის თქმითვე, თუკი საქართველოში ძალაუფლებას „კონკრეტული ჯგუფი“ დაიბრუნებდა თბილისი არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი იქნებოდა.

„გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ“, – განაცხადა კალაძემ.

დღეს სლოგანთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს, რადგან ისინი წარმოადგენენ „ომის პარტიას“. ისევე, როგორც მისი თქმით, მათ „აღიზიანებდათ ჯვარი, რადგან ეკლესიას მტრობდნენ“.

„მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერიის 2023 წლის სლოგანთან დაკავშირებით შეკითხვას.