ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.