„მოტივი არის ცალსახად პოლიტიკური" - ჯაფარიძე მისი მეუღლის საგარეოდან გაშვებაზე

პუბლიკა

„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან“, – ასე ეხმაურება „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მისი მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას.

„ჩემი აზრით, მოტივები არის ცალსახად პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს, იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვები თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ, ვერც რეორგანიზაციის მიზეზით.

ჩვენ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები და ამის გამო ვერ გაუშვეს, მერე პანდემია იყო და ერთი წელი ამან წაიღო. როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.


საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ის აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.

„ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.

საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი – NATO-ში ინტეგრაციაზე”, – წერს ის.


„პუბლიკა” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.