ნატა ქორიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგარეო განმარტებას აკეთებს

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის გათავისუფლების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან „პუბლიკას“ განმარტება მისწერეს.

მათი ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა სექტემბერში.

„რეორგანიზაციის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.

მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი. აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება“, – ამბობენ სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ კანონით დადგენილ ვადებში ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს,  მათ შორის, ნატა ქორიძეს.

„მას ასევე ეცნობა, რომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები, – ნათქვამია პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.