„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, გადარჩეს პრეზიდენტი“ | სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილი საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა მხარდამჭერები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან.

აქციის ინიციატორი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი აქცია არ არის პოლიტიკური, არამედ არის სოლიდარობის აქცია და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის გარდა სხვა გზავნილი ამ აქციას არ ექნება.

„დღეს ეს არ არის პოლიტიკური ან პარტიული აქცია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის მნიშვნელოვანი აქცია, სოლიდარობისთვის, სადაც ვაპროტესტებთ იმას რომ პრეზიდეტ სააკაშვილს არ ეძლევა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება. ერთი მოთხოვნა გვაქვს დღეს ჩვენ, რომ სასამართლო იყოს პოლიტიკისგან დაცლილი.

დღეს სხვა პოლიტიკური გზავნილი არ იქნება ამ აქციაზე, ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს რომ გადარჩეს პრეზიდენტი სააკაშვილი და გადაიყვანონ სამკურნალოდ იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, “- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, უცხოელმა პარტნიორებმაც უნდა დაინახონ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ მიხეილ სააკაშილის მიმართ დამოკიდებულებასა და სოლიდარობას უცხადებენ მას.

„ჩვენ ვანახებთ ქვეყანასაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ არ შევეგუებით პრეზიდენტის მკვლელობას, “- თქვა მან.

აქციაზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები.