ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ (ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის) „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
რეზოლუციის მიხედვით, ALDE მკაცრად გმობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას.
ასევე, რეზოლუციის მიხედვით, პარტიაში გმობენ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებს კრიტიკული მედიასაშუალებებისა („ფორმულა“, „TV პირველი“, „მთავარი“) და მათი მფლობელების წინააღმდეგ; ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რაც ასევე აღნიშნულია, როგორც პოლიტიზებული მართლმსაჯულების მაგალითი, 2022 წლის 8 ნოემბრის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.
რეზოლუციის მიხედვით, ALDE მოუწოდებს:
-
ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი კომისიის მიერ დადგენილი თორმეტიდან 12-ვე პუნქტის შესრულების შემდგომ.
-
ევროკომისიამ დააჩქაროს საქართველოს შეფასების პროცესი კონკრეტული კრიტერიუმებისა და ვადების დაწესებით.
-
მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე;
-
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ფიზიკური პირებსა და ჯგუფებს:
-
(1) რადიკალური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერსა და დამფუძნებელს -კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც პასუხისმგებელია მედიის წარმომადგენლებისა და უმცირესობათა ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის ორგანიზებაზე 2021 წლის 5-6 ივლისს;
-
2) მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
-
საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია მთავარის მედია-მენეჯერი ნიკა გვარამია, როგორც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
-
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი, სიტყვიერი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტებზე და ევროპარლამენტის წევრებზე. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.