„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნონა მამულაშვილიც იყრის კენჭს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭს ნონა მამულაშვილიც იყრის. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი გიორგი ხვედელიანს ასახელებს. პარტიის ყოფილმა წევრმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ნონა მამულაშვილი წერს, რომ ორი წლის წინ პარტიაში განახლების პროცესის გამო მოხვდა და სურდა ემოქმედა „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებისთვის. მაგრამ მძიმე სისტემური პრობლემების გამო პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი იყო და პარტია დატოვა.

მამულაშვილის განცხადებით, შიდაპარტიული არჩევნებმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ ცვლილებებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლოს და ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის.

თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად“, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ჩატარდება.

ნონა მამულაშვილის გარდა კენჭს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.