„ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა”, – კორონავირუსთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში” მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ ისაუბრა.
„ჩემი აზრით, უფრო დიდი საშიშროება, რასაც მე დავაკვირდი, ზოგადად მოვლენებს, მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო. რომელიც ზიარებას უწოდებს ანტისეპტიკს, ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო, ან რა უნდა განვმარტო და კომენტარი გავაკეთო, ან როდესაც ცხენი დაფრინავს. არის რაღაც საკითხები, შეიძლება კრიტიკას აუქციო გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს ამ განცხადების მერე, რომ თურმე ანტისეპტიკია ზიარება, საერთოდ არ წამს, მაგრამ გაიგო ეს მღვდელმთავრისგან, მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ რა მოხდება იქ”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. ამასთან, როგორც მან განაცხადა, ზიარების საიდუმლო შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა ფორმით მიეწოდოს ადამიანს.
„თუნდაც იგივე ბაღდადის [ქსოვილის ნაჭერი] თემა, როცა ადამიანს უწმენდ ზიარების შემდეგ, ისიც თავითავად შეიცავს ამ ბაქტერიულ საკითხს. რაზეც კოვზთან მიმართებითაა პრეტენზია, იგივეა ბაღდადთან მიმართებით. ანუ ბევრი ისეთი ჭურჭელია საეკლესიო, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს დროებით, რაც დოგმატური საკითხი არ არის”, – აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
მან გადაცემაში ამგვარი ვითარების დროს ეკლესიის როლზეც ისაუბრა.
„აქ უფრო გლობალური საკითხია, როგორ უნდა ებრძოლოს ზოგადად ეკლესია ასეთ დროს.., მე რომ ვთქვა, რომ მე არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემყრება, ძალიან დიდი იდიოტი უნდა იყო, ეს მორწმუნეობა არ არის. ეს არის სიგიჟე. ქოლერით მოკვდა პარტიარქი ლეონიდე, და ის რომ ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე. მაგრამ ადამიანები არ უნდა დავაშინოთ”, – აცხადებს ის.