ხაჭაპურიძე: პენიტენციურისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. შესვლამდე შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადრების გასაჯაროების გამო პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მისი თქმით, ორივე უწყებამ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაარღვია.

„კადრები დასტურია იმისა, რასაც თვეებია, ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქმნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი.

მეორე – როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით, თავად აჩვენეს. მე გეტყვით, სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა, გუშინ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვიეს. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს კადრები არის იმის დამადასტურებელი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ. მე სულ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის აზრებს ახსნა მოვუძებნო. მათ მიზანი ჰქონდათ, საზოგადოებისთვის ჩვენების წინ ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულანტობს, მაგრამ სად არის იქ სიმულანტობა? კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში.

იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გადავაგზავნი მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით: პენიტენციურ სამსახურზე და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა  დაიწყეს. განცხადება უწყებამ დღეს გაავრცელა. გუშინ გავრცელებული უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია რამდენიმე თარიღი, ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული.