ჯავის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძებნაშია

პუბლიკა

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, 1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – წერს შსს.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.