„ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს, ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
ექიმს ბრალდება 28 დეკემბერს წარედგინა.
გამოძიების ვერსიით, ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.
ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.