სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავა

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ დაცვის პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვანი შვილის ცემისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – აცხადებს უწყება.

დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაცვის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს დაჭრის ფაქტზე.

„2023 წლის 03 ინვარს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 02 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მისთვის წარდგენილი ბრალი, უწყების ცნობით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.