ამერიკული გამოცემა The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი გასულ კვირას კიევს საიდუმლო ვიზიტით ეწვია. ბერნსი უკრაინელ კოლეგებსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბერნსმა მათ გაუზიარა ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია, თუ რას უნდა მოელოდნენ რუსეთისგან უახლოეს კვირებსა და თვეებში.
ბერნსი ზელენსკისა და უკრაინელ კოლეგებს აშშ-ის სამხედრო დახმარების შესახებაც ესაუბრა. The Washington Post-ის ინფორმაციით, CIA-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა ომის მნიშვნელოვანი ფაზაა და განაცხადა, რომ ამერიკისგან ჯერჯერობით გრძელდება ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ გარკვეულ მომენტში უკრაინას მისი მიღება შეიძლება გაურთულდეს.
დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც $45 მილიარდს აღწევს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ეს დახმარება უკრაინელებს ივლისამდე ან აგვისტომდეც კი შეიძლება ეყოთ. ამის შემდეგ კონგრესმა კიევისთვის ახალი დახმარება უნდა დაამტკიცოს.
თუმცა ულიამ ბერნსმა უკრაინელ კოლეგებს უთხრა, რომ კონგრესისგან მრავალმილირდიანი დახმარების გაგრძელებას სკეპტიკურად უყურებს, მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს უმრავლესობა.
The Washington Post წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე კიევისთვის მასშტაბურ დახმარებას ორივე პარტია უჭერდა მხარს. თუმცა მოგვიანებით „რესპუბლიკელებში“ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება მოსაზრება, რომ აშშ უკრაინას „გადამეტებულად“ ეხმარება.
პარტიის წევრთა ნაწილი, ვინც უფრო მკაცრ პოლიტიკას ემხრობა, კვლავინდებურად მხარს უჭერს უკრაინის ძლიერ სამხედრო დახმარებას. მაგრამ სხვა წევრები მიიჩნევენ, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით.
გასულ წელს, წარმომადგენელთა პალატის ახლანდელმა სპიკერმა კევინ მაკკართიმ გასულ წელს საჯაროდაც განაცხადა, რომ „რესპუბლიკელების“ მიერ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების რაოდენობა გადაიხედებოდა.