ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს – გახარია

პუბლიკა

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და დადებითად შეაფასა ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევა, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სხდომაზე გახარიამ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ  „პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებსა და წითლებს არ ემუქრება. ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

„საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობისა და, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები, ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ერთობრივი ბრძოლის ეფექტიანობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვალდებულები ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, ვიდრე ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, – განაცხადა გახარიამ.